„საბურთალო“ საერთაშორისო ტურნირს მართავს – თბილისში „ლევანტე“ და „ვერონა“ ჩამოდიან
12 დეკემბერს, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ორგანიზებით, „აუდის თასის“ გათამაშება იწყება, რომელშიც 2006 წელს დაბადებული მოზარდები ითამაშებენ.
საერთაშორისო ტურნირზე ცნონილი ევროპული დონის კლუბების, ესპანური „ლევანტესა“ და იტალიური „ჰელას ვერონას“ აკადემიის, ასევე აზერბაიჯანული „საბაჰის“ გუნდები ითამაშებენ. გამარჯვებული 16 დეკემბერს გამოვლინდება.
ტურნირთან დაკავშირებით „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სპორტულმა დირექტორმა ლევან სეთურიძემ პრესკონფერენცია გამართეს.
„იმისათვის, რომ ევროტურნირებზე დიდი გამოცდილება გვქონდეს, მეტი საერთაშორისო მატჩების გამართვაა საჭირო. ადრე „ვოლკსვაგენის“ და „სალერის“ თასის გათამაშებებს ვატარებდით, ახლა „საბურთალო“ „აუდის თასს“ უმასპინძლებს, სადაც ისეთი გუნდების აკადემიები იქნებიან წარმოდგენილები, როგორებსი სტუმრობითაც განებივრებულები არ ვართ – ესპანური “ლევანტე”, იტალიური “ვერონა”, ასევე აზერბაიჯანული “საბაჰი”. “ლევანტესა” და “ვერონას” თბილისში სტუმრობა, ჩვენი სპორტული დირექტორის ლევან სეთურიძის დამსახურებაა, რომელიც მოლაპარაკებებს უშუალოდ მართავდა. სამივე კლუბებთან ვამყარებთ ურთიერთობებს. მჯერა, საინტერესო და სასარგებლო ტურნირი გამოვა. ჩვენი ფეხბურთელები სწორედ ასეთი დონის გუნდებთან თამაშით გაიზრდებიან და დიდ გამოცდილებას მიიღებენ. გვსურს, მსგავსი დონის ტურნირს ზაფხულშიც ვუმასპინძლოთ, რათა ბავშვთა ფეხბურთ განვითარდეს. ამაში ხელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი გვიწყობენ. აკადემიაში იზრდებიან ნიჭიერი ბავშვები, რომელთაც ხელშეწყობა და სწორი მიმართულების მიცემა სჭირდებათ. გვერდში მიდგანან კარგი პარტნიორები, რომლებიც ბევრს მუშაობენ და ფიქრობენ “საბურთალოს” განვითარებასა და პროგრესზე” – ამბობს “საბურთალოს” პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
“საბურთალოს” სპორტულმა დირექტორმა ლევან სეთურიძემ ყურადღება უცხოურ კლუბებთან პარტნიორობის გეგმებზე გაამახვილა.
“სულ ოთხი გუნდი იასპარეზებს, ყოველდღიურად 2-2 შეხვედრა გაიმართება. მატჩები “ბენდელას” სტადიონზე ჩატარდება და ერთი და იგივე დროს, 13:00 და 16:00 საათზე დაიწყება. იმედი გვაქვს წლევანდელი შეჯიბრება წარმატებით ჩაივლის და ხარისხიანი, საინტერესო და დაძაბული ტურნირი გამოვა. “ლევანტესა” და “ვერონას”წარმომადგენლები მოდიან იმ განზრახვით, პარტნიორობასა და სამომავლო პროექტებზე რომ იმსჯელონ. გვსურს, რომ “აუდის“ თასი ტრადიციული გახდეს და სამომავლოდ მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდამდე გავზარდოთ” – აცხადებს ლევან სეთურიძე.