„საბურთალო“ პირველად თასის ფინალში - ტიტულისთვის თბილისური გუნდები იბრძოლებენ
„საბურთალო“ პირველად თასის ფინალში - ტიტულისთვის თბილისური გუნდები იბრძოლებენ

თბილისის „საბურთალო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალშია – გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ქუთაისურ კლუბს ფეხბურთელების დავალიანება გააჩნია და ამის გამო, ბოლო პერიოდი არ ვარჯიშობდნენ. ეს გუნდს დაეტყო, რადგან „საბურთალომ“ მეტოქეს მეორე ნახევარში აშკარად აჯობა. ანგარიში 48-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ ეფექტური დარტყმით გახსნა, ხოლო 69-ე წუთზე ოგნიენ როლოვვიჩის დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ანრი ჭიჭინაძემ ჩაჭრა და „საბურთალომ“ 2:0 მოიგო.

„საბურთალო“ საქართველოს თასის ფინალში პირველად გავიდა და თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ორი თბილისური გუნდი გადის. პირველად ეს 2010 წელს მოხდა, როდესაც „ვიტ ჯორჯიამ“ გადამწყვეტ მატჩში თბილისის „დინამო“ 1-0 დაამარცხა.

„საბურთალოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის ფინალი 7 დეკემბერს გაიმართება. ადგილი ჯერ-ჯერობით უცნობია.