„საბურთალო“ მონტენეგროელ როლოვიჩს აკვირდება
„საბურთალო“ მონტენეგროელ როლოვიჩს აკვირდება

„საბურთალოში“ მონტენეგროელი თავდამსხმელი ისინჯება. ეს დღეს გახდა ცნობილი, როდესაც საქართველოს ჩემპიონმა თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო შეხვედრა სერბულ „ნაპრედაკთან“ გამართა და 3:0 დაამარცხა.

თბილისური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ოგნიენ როლოვიჩმა ითამაშა. პირველ არხს „საბურთალოში“ უთხრეს, რომ 25 წლის თავდამსხმელი გასინჯვაზეა და ჯერ გუნდთან კონტრაქტი არ გაუფორმებია.

საკმაოდ ტანმაღალმა (185 სმ) როლოვიჩმა კარიერა სამშობლოში, მონტენეგროს ერთ-ერთ ცნობილ კლუბ „მლადოსტში“ დაიწყო. უთამაშია „პოდგორიცაში“, „ოფკ ტიტოგრადში“, მალტურ „კერცემ აიაქსსა“ და „ბირკირკარაში“, 2018 წლიდან კი ალბანურ „კამზაში“ გამოდიოდა.