ახალი წლიდან რამდენიმე დღეში, „საბურთალო“ ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გუნდთან ერთად არ იყო გიორგი რეხვიაშვილი, მაგრამ საქართველოს თასის მფლობელმა ოფიციალურად მხოლოდ დღეს დაადასტურა, რომ გამოცდილი მცველი გუნდს დაემშვიდობა.
ინფორმაციას „საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს:
„გიორგი რეხვიაშვილი გუნდს დაემშვიდობა. გიორგი ჩვენს კლუბში 2018 წლიდან თამაშობდა. 2019 წლის ნახევარი სეზონი ბერძნულ „ლევადიაკოსში” გაატარა, ხოლო შემდეგ ისევ დედაქალაქურ კლუბს დაუბრუნდა. რეხვიაშვილი „საბურთალოსთან” ერთად, ჯერ ქვეყნის ჩემპიონი, შემდეგ კი დავით ყიფიანის თასის მფლობელი გახდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!” – წერია „საბურთალოს” განცხადებაში.
გავრცელებული ცნობებით, 31 წლის მცველი კარიერას ლატვიის უმაღლესი ლიგის „ვენტსპილსში” გადავიდა, სადაც გიგი მჭედლიშვილსა და გუგა ფალავანდიშვილის გვერდით ითამაშებს.
ეს ამბავი გარკვეულწილად უკავშირდება „საბურთალოში” 25 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელის, ჯულიუს ბლეიკის მისვლას, რომელიც სწორედ რეხვიაშვილის ამპლუაში თამაშობს.