საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურა ადვოკატებს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურა ადვოკატებს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე უკვე მესამე სხდომაა, რომელზეც აუდიტის სამსახურის აუდიტორი იკითხება.

დღევანდელ სხდომაზე აუდიტორი ფინანსურ ხარჯბზე მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით დაცვის მხარის კითხვებს პასუხობდა, თუმცა სასამართლოს დღევანდელი სხდომისთვის განკუთვნილი ორი საათი ისე ამოიწურა, რომ ადვოკატებმა კითხვების დასმა ვერ დაასრულეს. სწორედ ამიტომ, აუდიტორის გამოკითხვა მომდევნო 29 მაისს დანიშნულ სხდომაზე გაგრძელდება.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიიჩნია, რომ ადვოკატების კითხვები არ ემსახურებოდა სხდომების გაჭიანურებას და სწორედ ამიტომ, დაცვის მხარის მოთხოვნა სამართლიანად მიიჩნია, რომ მოწმის დაკითხვა მომდევნო პროცესზეც გაგრძელდეს.

პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებით კი, დაცვის მხარე სპეციალურად აჭიანურებს სასამართლო სხდომებს, ფინანსურ დოკუმენტებზე მოწმეს იმ საკითხებზე ეკითხება, რაზეც მოწმემ უკვე გასცა წინა სხდომებზე პასუხი და პროცესის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა სხდომების გაჭიანურებას.

რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, პროკურატურის განცხადებით, მოწმე აუდიტორული დასკვნით სრულად ადასტურებს, რომ პრეზიდენტის განკარგულება არ შეესაბამებოდა საბიუჯეტო კანონმდებლობას, ხოლო გაწეული ხარჯი არ შეესაბამებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიზნებს.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს მიერ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ამ თანხების გამოყოფას, პროკურორის განცხადებით, კანონმდებლობით სამინისტრო რევიზიას ვერ ჩაუტარებდა განკარგულების კანონთან შესაბამისობას.

დაცვის მხარე კი, რომელიც უარყოფს პროცესის გაჭიანურებას, აცხადებს, რომ მოწმე მათ დასმულ კონკრეტულ კითხვებს არ პასუხობს და დასკვნა, რომელიც წარადგინა აუდიტორმა, არ არის სანდო.

ადვოკატ დავით კაკოიშვილის განცხადებით, დასკვნაში ასახული გარემოებები მცდარია და ემყარება მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მიერ მიწოდებულ დოკუმენტებს, რაც არასრულია.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის ადვოკატი კიდევ ერთ გარემოებაზე მიუთითებს, რომ საქმის მასალებიდანაც ირკვევა, რომ მსგავსი ტიპის ხარჯების გაწევა ხდებოდა, ვიდრე ჯანაშია ამ სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნებოდა და მას შემდეგაც, რაც ის ამ სამსახურში აღარ იყო.

9 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას.