საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე პროცესზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს სხდომის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე პროცესზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს სხდომის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მხარეებს მიმართა და პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა.

ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, მას რაიმე საპროცესო ღონისძიების გატარების და მკაცრი ფორმების გამოყენება არ სურს. ამიტომ, მოსამართლემ მხარეებს მიმართა, იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები, დაიცვან ქცევის წესები და პატივი სცენ ერთმანეთს.

„მოგიწოდებთ მაქსიმალურად პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ. იყავით კორექტულები და პატივი ეცით ერთმანეთს. ყოველგვარი ამ წესის დარღვევა იწვევს წესრიგის დარღვევას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შემიძლია, გამოვიყენო კანონით გათვალისწინებული ზომები. მაქსიმალურად მობილიზებულია სასამართლო, რომ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს, მაგრამ მხარეებმა უნდა შემიწყონ ხელი. ეს არ უნდა იყოს იმგვარი, რომ მე გამიჭირდეს მოწოდების გარეშე თქვენი დაწყნარება და საპროცესო ზომები გამოვიყენო. ამისთვის მე მოწადინებული და მონდომებული არ ვარ“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. სხდომას თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.