საბინა ჩუდიჩი – საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ევროპის საბჭოსთან გონივრული დიალოგის წარმართვა

20:30, 24.06.2026

​საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ევროპის საბჭოსთან გონივრული დიალოგის წარმართვა – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე თანამომხსენებელმა, საბინა ჩუდიჩმა განაცხადა.

„ნებისმიერი ქვეყნის პროგრესისა და ჩვენს ორგანიზაციაში მისი დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფასების ერთ-ერთი მთავარი გზა არის იმის ანალიზი, თუ როგორ თანამშრომლობს ის ევროპის საბჭოს ძირითად ორგანოებთან, კერძოდ: საპარლამენტო ასამბლეასთან, ვენეციის კომისიასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან და, რა თქმა უნდა, მინისტრთა კომიტეტთან. ამ ყველა ორგანოს საქმიანობის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ევროპის საბჭოსთან გონივრული დიალოგის წარმართვა. სივრცე, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია საქმიანობა, სწრაფად ვიწროვდება, იმდენად, რომ საფრთხის ქვეშ დგას მისი არსებობაც კი. უნდა შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელებსა და დამოუკიდებელ მედიაზე მიმდინარე ზეწოლა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და გრანტების შესახებ კანონი, რომლებიც მთლიანობაში სამოქალაქო საზოგადოების არსებობას უქმნის საფრთხეს, არ ექვემდებარება გაუმჯობესებას და უნდა გაუქმდეს. როგორც წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა, ისე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მიუთითეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების, ძალადობისა და დემონსტრანტების უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით არ ჩატარებულა არც ერთი სანდო გამოძიება. ასევე, არ მომხდარა გამოძიება იმ მრავალრიცხოვან ცნობებზე, რომლებიც დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდში დემონსტრანტების წამებასა და არასათანადო მოპყრობას ეხება“,- განაცხადა ჩუდიჩმა.

მისივე თქმით, „ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ გამოთქმულ შეშფოთებებსა და კრიტიკაზე ხელისუფლების რეაგირება სულ უფრო მეტად უგულებელყოფილი და კონფრონტაციული ხდება“.

„მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხებოდა საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საქართველოს მოუწოდა, კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოეყვანა შეკრების თავისუფლების შესახებ კანონმდებლობა და უზრუნველეყო ისეთი გარემო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეფექტიანი საქმიანობის შესაძლებლობას მისცემდა. ამის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მიუღებელია, ვინმემ ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლოს ან თითის ქნევით ელაპარაკოს. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რაც ჩვენ, როგორც მომხსენებლებს, გასულ წელს საქართველოში ვიზიტისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებასა და შესრულებას. ის, რაც მაშინ მოვისმინეთ, მკვეთრ წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც დღეს რეალურად ხდება ქვეყანაში.

ანალოგიურად, გასულ კვირას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშზე საპასუხოდ, მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ანგარიში იყო ბუნდოვანი, გაურკვეველი და საფუძველს მოკლებული. ჩვენს ბოლო რეზოლუციაში ასამბლეამ მოუწოდა ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოებსა და მის წევრ სახელმწიფოებს, გამოიყენონ კონვენციით გათვალისწინებული ყველა ხელმისაწვდომი მექანიზმი, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო სრულად ასრულებდეს ყველა იმ სტანდარტსა და ვალდებულებას, რომელიც ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარეობს. ამ მოწოდებამ ახლახან სრული მხარდაჭერა მიიღო ევროპარლამენტის მხრიდან. 2025 წლის ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტმა მიესალმა 2025 წლის ოქტომბრის რეზოლუციას, რომელიც ევროპის საბჭოს ორგანოებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი მექანიზმი, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურები და სახელმწიფოთაშორისი საჩივრები კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ საქართველო შეასრულებს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, განიხილონ ამ რეკომენდაციების პრაქტიკაში განხორციელება.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ნათლად ასახავს ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის საქმიანობებს შორის არსებულ მნიშვნელოვან თანხვედრას, უახლოეს მომავალში კონკრეტულ გაგრძელებასა და რეაგირებას მიიღებს ჩვენი ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით საქართველოს ხელისუფლებასთან, ისევე როგორც ქვეყნის სხვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალებთან, ღია, თუმცა შედეგზე ორიენტირებული დიალოგის მიმართ. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით, რომ ასეთი დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ იმ საერთო გააზრებაზე დაყრდნობით, რომ ევროპის საბჭოს წევრობა არის პრივილეგია, რომელსაც თან ახლავს არა მხოლოდ უფლებები, არამედ ვალდებულებებიც“,- აღნიშნა საბინა ჩუდიჩმა.

მსგავსი