საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავა მოლდოველ კოლეგას შეხვდა
საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავა მოლდოველ კოლეგას შეხვდა

საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მოლდოველ კოლეგას, იგორ გროსუს შეხვდა.

კახა კუჭავამ და იგორ გროსუმ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და საპარლამენტო ურთიერთობის გაღრმავების გზები განიხილეს.

მთავარი საკითხი ასოცირებული ტრიოს წევრი ორი ქვეყნის წარმომადგენლის შეხვედრაზე ევროინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის მოლოდინები იყო, გამოითქვა ინიციატივა, სამიტამდე ტრიოს წევრი სამივე ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრაზე ერთობლივი სტრატეგიის შემუშავების მიზნით.

„შევთანხმდით, რომ არჩევნების შემდეგ უნდა განვაახლოთ ურთიერთობა საპარლამენტო დონეზე. შევჯერდით იმაზეც, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა და განვაახლოთ ჩვენ პარლამენტში არსებული მეგობრობის ჯგუფები და საკომიტეტთაშორისო მიმართულებაც – კულტურის, ვაჭრობისა თუ ტურიზმის დარგში. ცხადია, ჩვენ ვისაუბრეთ ტრიოს ფორმატზე, შევთანხმდით საპარლამენტო დონის საერთო შეხვედრაზე, რათა ჩვენი ძალისხმევით სინერგია შევიტანოთ ევროპული მისწრაფებების დღის წესრიგში. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსაც შევეხეთ, კერძოდ, რას გააკეთებენ ჩვენი მთავრობები, პარლამენტები და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ თავად ხალხს ევროინტეგრაციის პერსპექტივასთან მიმართებით ჩვენი ქვეყნებისთვის. გვსურს, მივიღოთ სიგნალი და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ ხალხისათვის, ვისაც სურს, ევროპული სივრცის ნაწილი გახდნენ, მიიღონ სარგებელიც და წვლილიც შეიტანონ ევროპულ კულტურასა თუ ეკონომიკაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ სამიტამდე საერთო პოზიცია მოვამზადოთ“, – განაცხადა მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ.