საბერძნეთში, ტყის ხანძრების ქრობის დროს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა
საბერძნეთში ტყის ხანძრების ქრობის დროს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ დაიღუპა ქალაქ კარისტოსთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორი პილოტი, რომლებიც ხანძრის ლიკვიდაციაში იღებდნენ მონაწილეობას.
როგორც მედია წერს, თვითმფრინავს დაცემისთანავე ცეცხლი გაუჩნდა და, მეხანძრეების მცდელობის მიუხედავად, 34 წლის კაპიტანის, ქრისტოს მულასისა და 27 წლის ლეიტენანტის, პერიკლე სტეფანიდესის გადარჩენა ვერ შეძლეს.
პილოტების დაღუპვასთან დაკავშირებით საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, რომელიც 25-დან 27 ივლისამდე გაგრძელდება.
საბერძნეთი, მეშვიდე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვის, კუნძულ როდოსზე 20 000 ადამიანი ევაკუირებულია. ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს კუნძულ კორფუზე და ათენთან მდებარე კუნძულ ევბეაზე.