საბერძნეთში შრომითი რეფორმისა და სამუშაო საათების გახანგრძლივების გეგმის წინააღმდეგ ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა
საბერძნეთში შრომითი რეფორმისა და სამუშაო საათების გახანგრძლივების გეგმის წინააღმდეგ ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა

საბერძნეთში შრომითი რეფორმისა და სამუშაო საათების გახანგრძლივების გეგმის გასაპროტესტებლად ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საბერძნეთში დღეს გაჩერდა მატარებლების, ბორნებისა და ტაქსის გადაადგილება.

გაფიცვაში მონაწილეობენ მასწავლებლებიც. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათენში, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყვეს. გაფიცვა ორგანიზებული იყო კერძო და საჯარო სექტორებში დასაქმებულთა უმსხვილესი პროფკავშირების მიერ.

პროფკავშირები აპროტესტებენ მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც დამსაქმებელს უფლებას მისცემს, დასაქმებულები დღეში 13 საათი ამუშაონ, ამჟამინდელი რვასაათიანი სამუშაო დღის ნაცვლად.

დაგეგმილი რეფორმა დასაქმებულებს მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს მოკლევადიან დასაქმებებთან დაკავშირებით. როგორც მოსალოდნელია, პროექტს პარლამენტს მომავალ თვეში დასამტკიცებლად წარუდგენენ.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით – „არა მონობას“.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ ვუთხრათ „არა“ ამ საშინელ კანონპროექტს. შეაჩერეთ ის. ჩვენ რობოტები არ ვართ“, – განუცხადა „როიტერს“ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, 24 წლის დიმიტრამ.

მთავრობა აცხადებს, რომ დაგეგმილი რეფორმა სავალდებულო არ არის და გავრცელდება წელიწადში მაქსიმუმ 37 დღეზე. ამასთან, ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ ის დასაქმებულებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების 40%-ის მიღების საშუალებას აძლევს, თუმცა პროფკავშირებში აცხადებენ, რომ რეფორმა საბერძნეთში დასაქმებულებზე ზეწოლას გაზრდის.