საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის ორი წლისთავთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში სარკინიგზო ავარიის ორი წლისთავთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ათენის ცენტრში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც არაიდენტიფიცერული პირების ჯგუფმა დაიწყო ბენზინისგან დამზადებული ასაფეთქებლების სროლა პარლამენტის ეზოში განთავსებული პოლიციის სპეცრაზმის მიმართულებით. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შეტაკება, რომელიც თავდაპირველად შემოიფარგლებოდა სინტაგმის მოედნის ერთ კუთხეში, რამდენიმე წუთში მიმდებარე ქუჩებში გავრცელდა. დაპირისპირების შედეგად სინტაგმის მოედანზე რამდენიმე მომიტინგემ გონება დაკარგა, ზოგს კი რესპირატორული პრობლემების გამო მკურნალობდნენ შემთხვევის ადგილზე. როგორც მედია წერს, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, საბერძნეთში დღეს ტრანსპორტის თანამშრომლების მასშტაბური გაფიცვის გამო სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. ადგილობრივი მედია წერდა, რომ გაფიცვა 24-საათიანია და ის ორი წლის წინ ტემპაში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას უკავშირდება. ტემპაში სარკინიგზო ავარია 2023 წლის 28 თებერვალს მოხდა, რასაც 57 ადამიანი ემსხვერპლა.