საბერძნეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა
საბერძნეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა

ათენსა და სალონიკში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.

დემონსტრაციების მონაწილეები საბერძნეთში 28 თებერვალს მომხდარ სარკინიგზო ავარიაზე პასუხისმგებლობას საბერძნეთის რკინიგზის ხელმძღვანელობას და ხელისუფლებას აკისრებენ.

ათენში გამართულ მიტინგში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მომიტინგეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და საკანონმდებლო ორგანოს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

ქალაქ სალონიკში ახალგაზრდებმა პოლიციელებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. საპასუხოდ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. არეულობის შედეგად დაზიანდა მანქანები და მაღაზიები.

მანამდე საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილე საბერძნეთის რკინიგზის ოფისთან მივიდა. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით – „კრიმინალები“.

საბერძნეთში 28 თებერვალს მომხდარ სარკინიგზო ავარიას, ბოლო მონაცემებით, 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ავარია „ადამიანურმა შეცდომამ“ გამოიწვია.