საბერძნეთში ნაციონალისტების აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ნაციონალისტების აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, 250-მდე ადამიანი ათენსა და სკოპიეს შორის მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდა.
დემონსტრანტები სალონიკის საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ, სადაც საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი იმყოფებოდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკონცერტო დარბაზთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელებს ქვები ესროლა, საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. პოლიციის ცნობით, დაკავებულია ხუთი ადამიანი.
შეთანხმება, რომლის მიხედვითაც იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას ჩრდილოეთ მაკედონია უნდა ეწოდოს, საბერძნეთის პარლამენტმა 25 იანვარს დაამტკიცა. თუმცა, საბერძნეთის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეზობლის სახელწოდებაში სიტყვა „მაკედონია“ საერთოდ არ უნდა ფიგურირებდეს, რადგან ეს ბერძნული პროვინციის სახელია.
გასულ კვირას სკოპიესთან შეთანხმების წინააღმდეგ ათენის ცენტრში მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც სამართალდამცველებთან შეტაკებით დასრულდა.
ათენსა და სკოპიეს შორის შეთანხმების გაფორმება ორ სახელმწიფოს შორის მრავალწლიან დავას დაასრულებს და მაკედონიას ნატო-სა და ევროკავშირის კარს გაუღებს.