საბერძნეთში მოლდოველი ოლიგარქი, „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერი ვლადიმირ პლახოტნიუკი დააკავეს
საბერძნეთში მოლდოველი ოლიგარქი, „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერი ვლადიმირ პლახოტნიუკი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პოლიცია ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ინტერპოლისგან ათენში მიიღეს ინფორმაცია მოლდოვის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ, მათგან ერთ-ერთი არის ვლადიმირ პლახოტნიუკი. მეორე დაკავებულის ვინაობას პოლიცია არ ასახელებს, თუმცა, მოლდოვური მედიის ცნობით, პლახოტნიუკთან ერთად დაკავებულია მასთან დაახლოებული პირი, ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ცუცუ.
ვლადიმირ პლახოტნიუკზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა.
ცნობისთვის, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა. პოლიტიკოსი ცხოვრობდა აშშ-ში, თუმცა 2020 წლის იანვარში მისი იქ ყოფნა არასასურველად ჩათვალეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამის შემდეგ ის ჩრდილოეთ კვიპროსში ცხოვრობდა.
მოლდოვაში პლოხოტნიუკის მიმართ სისხლის სამართლის სამი საქმის ფარგლებში დაკავების ორდერია გაცემული. 2023 წლის ივლისში პროკურატურამ სასამართლოს გადასცა საქმე, რომლის მიხედვითაც, პლახოტნიუკს ბრალად ედება 2014 წელს მოლდოვური ბანკებიდან მილიარდის მოპარვაში თანამონაწილეობა.
კონსტანტინ ცუცუს კი მოლდოვაში უკანონო გამდიდრებასა და შემოსავლების შესახებ დეკლარაციაში ცრუ ინფორმაციის მითითებაში სდებენ ბრალს.