საბერძნეთში მღვდლებს სახელმწიფო მოხელის სტატუსს ჩამოართმევენ
საბერძნეთში მღვდლებს სახელმწიფო მოხელის სტატუსს ჩამოართმევენ

საბერძნეთში მღვდლებს სახელმწიფო მოხელის სტატუსს ჩამოართმევენ. BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მართლმადიდებელი ღვთისმსახურები ვერც სახელმწიფო მოხელის ხელფასს მიიღებენ. შესაბამისი შეთანხმება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა და არქიეპისკოპოსმა იერონიმ II-მ გააფორმეს. ეს გადაწყვეტილება საბერძნეთში საერო და საეკლესიო ხელისუფლების განცალკევებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

როგორც წინასწარ იუწყებიან, აღნიშნული შეთანხმება 10 ათასზე მეტ ღვთისმსახურს შეეხება. შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო ეკლესიას გამოუყოფს სუბსიდიებს, რაც მღვდლების ხელფასს მოხმარდება, თუმცა სახელმწიფო მოხელის სტატუსი მათ აღარ ექნებათ.

ეკლესიისთვის გამოყოფილი სუბსიდია 200 მილიონ ევროს შეადგენს და ეს ციფრი აღარ გადაიხედება. თავის მხრივ ეკლესია სახელმწიფო ქონებაზე პრეტენზიას აღარ გამოთქვამს.

ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის უძრავი ქონების შესახებ დავა საბერძნეთში 1952 წლიდან მიმდინარეობს. ახალი შეთანხმების მიხედვით, შეიქმნება ერთობლივი ფონდი, რომლითაც ეკლესია და სახელმწიფო სადავო მიწის ნაკვეთებზე მშენებლობას ერთად აწარმოებენ. შემოსავლები და ხარჯები კი თანაბრად გაიყოფა.

ციპრასისა და იერონიმ II-ის შეთანხმება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პარლამენტი და ეკლესიის იერარქები დაამტკიცებენ.