საბერძნეთში, კუნძულ ევიაზე ტყის ხანძრის გამო, კრიზისულ სიტუაციებთან ბრძოლის საბჭო საგანგებო შეხვედრას მართავს
საბერძნეთში, კუნძულ ევიაზე ტყის ხანძრის გამო, კრიზისულ სიტუაციებთან ბრძოლის საბჭო საგანგებო შეხვედრას მართავს

საბერძნეთში, კუნძულ ევიაზე ტყის ხანძრის გამო, კრიზისულ სიტუაციებთან ბრძოლის საბჭო საგანგებო შეხვედრას მართავს. კუნძულზე დღეს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები ჯერ ვერ ახერხებენ. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში სრული მობილიზებით არიან ჩართულები, ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება.

კუნძულ ევიაზე, სოფელ სტავროსსა და კონტროდესპოტის შორის არსებულ ტყეს ცეცხლი ადგილობრივი დროით 17:23 საათზე გაუჩნდა. სახმელეთო და საჰაერო მობილიზაციის მიუხედავად, კუნძულის ცენტრალურ ნაწილში სტიქია ძლიერი ქარის გამო მალევე გავრცელდა. შედეგად ორივე სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. სტიქიის ზონაში უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა ავტომაგისტრალებიც.

ტყის ხანძრის ჩაქრობას 200-მდე მეხანძრე, 50 სამხედრო მოსამსახურე ცდილობს. ისინი რთული რელიეფიდან გამომდინარე ცეცხლის ჩასაქრობად ათ სხვადასხვა სახეობის ტექნიკას იყენებენ.

უსაფრთხოების მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში საჰაერო პატრულირება მიმდინარეობს. ხანძრის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი უკვე ინფორმირებულია. ალექსის ციპრასი სოფლის მეურნეობის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციებს გადის.

ცენტრალური საბერძნეთის გუბერნტორმა, ბაკოინისმა სტიქიის გამო კუნძულ ევიაზე საგანგებო მდგომარობა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, საბერძნეთში ივლისში გაჩენილ ტყის ხანძარს 94 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა სტიქიამ ათასობით საცხოვრებელი სახლი გადაწვა.