საბერძნეთში, კუნძულ ევიაზე ტყის ხანძრის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
საბერძნეთში, კუნძულ ევიაზე ტყის ხანძრის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთში, კუნძულ ევიაზე ტყის ხანძრის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, სოფელ სტავროსსა და კონტოდესპოტიში, საცხოვრებელი სახლები 200-მდე მოსახლემ დატოვა.

ტყის მასივზე ცეცხლი საბერძნეთის სიდიდით მეორე კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, დედაქალაქ ათენიდან 70 კილომეტრში მძვინვარებს. სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 200-მდე მეხანძრე და 15-მდე საფრენი აპარატია ჩართული. მეხანძრეების ცნობით, ტყის მასივზე ხანძრის ჩაქრობაში მათ ძლიერი ქარი უშლით ხელს. უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლებამ ავტომაგისტრალი გადაკეტა.

საბერძნეთში ივლისში გაჩენილ ტყის ხანძარს 94 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა სტიქიამ ათასობით საცხოვრებელი სახლი გადაწვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ალექსის ციპრასის განცხადებით, ტრაგედიის პროვოცირება არალეგალურმა მშენებლობებმა გამოიწვია.