საბერძნეთში ხანძრის გაჩენის ბრალდებით 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
საბერძნეთში ხანძრის გაჩენის ბრალდებით 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ქვეყნის სახანძრო სამსახურის ცნობით, მიმდინარე წელს მსგავსი ბრალდებით სულ საბერძნეთში 302 ადამიანი დააკავეს. მათ შორის 31 პირს ბრალად ხანძრის განზრახ წაკიდება ედება, 271-ს კი გაუფრთხილებლობა, რამაც ცეცხლის გაჩენა გამოიწვია.
მედიის ცნობით, მსგავსი შემთხვევებისა და ძლიერი სიცხის გამო საბერძნეთში ხანძრის არაერთ კერას ებრძვიან. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ვითარება კუნძულ სალამინაზე, ათენის მახლობლად, შეიქმნა, სადაც 16 აგვისტოს თითქმის ერთდროულად ორი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა სწრაფად მოიცვა დასახლებული და ტურისტული ტერიტორიები. დაიღუპა ორი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ხოლო 570-ზე მეტი მცხოვრები და ტურისტი სანაპირო ზოლიდან ნავებითა და სანაპირო დაცვის ხომალდებით გაიყვანეს.
ბოლო დღეებში ხანძრები დაფიქსირდა კრეტაზე, სკიროსზე, ჰალკიდიკსა და ატიკის რეგიონშიც.
15 აგვისტოს საბერძნეთმა ქვეყანაში ტყის ხანძრის მაღალი საფრთხის დონე გამოაცხადა.