საბერძნეთში დაგეგმილი არჩევნების წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თურქეთთან საზღვარზე დამცავი ღობის გაგრძელების პირობას დებს
საბერძნეთში დაგეგმილი არჩევნების წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თურქეთთან საზღვარზე დამცავი ღობის გაგრძელების პირობას დებს

საბერძნეთში დაგეგმილი არჩევნების წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თურქეთთან საზღვარზე დამცავი ღობის გაგრძელების პირობას დებს.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, კირიაკოს მიცოტაკისი ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ თურქეთთან საზღვრის გასწვრივ ღობის მოწყობა 2026 წლამდე დასრულდება. საბერძნეთის მთავრობის მეთაური ასევე მოითხოვს ევროკავშირისგან დამატებით დაფინანსებას, რადგანაც მიაჩნია, რომ საბერძნეთი მარტო არ უნდა გაუმკლავდეს საზღვარზე არსებულ პრობლემებს.

მისივე თქმით, თურქეთთან საზღვარზე ღობის მოწყობა აუცილებელია, რათა თავიდან იყოს აცილებული „არალეგალი მიგრანტების ორგანიზებული შეჭრა საბერძნეთში, ანუ ევროპულ ტერიტორიაზე.“

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები 21 მაისს გაიმართება. სოციოლოგიური პროგნოზებით, ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია „ახალი დემოკრატები“, რომელთაც ამომრჩევლების 36%-ი უჭერს მხარს. თუმცა, პროგნოზების თანახმად, მმართველი პარტია დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო საპარლამენტო მანდატებს ვერ მოიპოვებს. მეორე ადგილზე არის პარტია „სირიზა“, რომელსაც მხარს უჭერს მოქალაქეთა 29 პროცენტი.