საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი - თურქეთი არის მტერი, რომელიც ათენის პროვოცირებას განაგრძობს
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი - თურქეთი არის მტერი, რომელიც ათენის პროვოცირებას განაგრძობს

ანკარასა და ათენს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, საბერძნეთმა თურქეთთან სასაზღვრო რაიონში სამხედროები განათავსა. ბერძნული მედიის ცნობით, ამის შესახებ, საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა პანოს კამენოსმა კუნძულ იკარიაზე ვიზიტის დროს განაცხადა.

კამენოსის თქმით, 3500 სამხედრო გაგზავნილია ეგეოსის ზღვაში მდებარე ბერძნულ კუნძულებზე, კიდევ 3500 სამხედრო კი – ფრაკიაში, თურქეთთან საზღვრის გასწვრივ.

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთი არის მტერი, რომელიც ათენის პროვოცირებას განაგრძობს

„თუ მამაცები არიან, გაბედონ და პრეტენზია გამოთქვან ბერძნული მიწის ერთ დიუმზე მაინც. საბერძნეთი ერთიანია, ჩვენ მათ გავანადგურებთ“, – განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა.

საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც მარტის დასაწყისში თურქმა სამხედროებმა პატრულირების დროს ორი ბერძენი ჯარისკაცი დააკავეს.

ნატოს ორ წევრ სახელმწიფოს შორის დაძაბულ ურთიერთობებს არაერთი მიზეზი აქვს. ორ ქვეყანას შორის დავა ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულების და 2011 წელს ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმოჩენილი ბუნებრივი აირის საბადოს გამოც მიმდინარეობს.