საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ტყის ხანძრების უმეტესობა ადამიანების არასწორმა მოქმედებებმა გამოიწვია
საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ტყის ხანძრების უმეტესობა ადამიანების არასწორმა მოქმედებებმა გამოიწვია

საბერძნეთში ტყის ხანძრების უმეტესობა ადამიანებმა გამოიწვიეს, – ამის შესახებ საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა განაცხადა.

კიკილიასმა ქვეყანაში ბოლო 10 დღის განმავლობაში გაჩენილი გამანადგურებელი ხანძრების შესახებ წინასწარი შეფასება გააკეთა.

„ხანძრის უმეტესობა გამოწვეული იყო ადამიანების არასწორი მოქმედების შედეგად. ასევე იყო რამდენიმე შეტყობინება აფეთქებების შესახებ. ჩვენ აქ ფაქტების წარმოსადგენად ვართ. 10 დღეში 667 ხანძარი გვქონდა“, – განაცხადა კიკილიასმა.

მისივე თქმით, გმირია ყველა, ვინც ხანძრის ჩაქრობაში იღებდა მონაწილეობას.

„ორი მფრინავი, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავგანწირვითა და გმირობით, დაიღუპნენ. გმირია ყველა, ვინც ხანძრის ჩაქრობაში იღებს მონაწილეობას – მეხანძრეები, მოხალისეები, პოლიციელები, რიგითი მცხოვრებლები“, – აღნიშნა კიკილიასმა.

მანამდე საბერძნეთის საზოგადოებრივი დაცვის მინისტრი ნორის მიტარაკისი მასშტაბური ტყის ხანძრების გაჩენიდან ორი კვირის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.

როგორც მედია წერს, საბერძნეთში ტყის ხანძრებს თითქმის ორი კვირის განმავლობაში ებრძვიან.

მეხანძრეებმა უმეტეს ტერიტორიაზე ცეცხლის ლიკვიდაცია მოახერხეს, თუმცა შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი სტიქია.