საბერძნეთი მიიჩნევს, რომ თურქეთის ქმედებები ნატო-ს ერთობას საფრთხეს უქმნის
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის უკანონო ქმედებები ნატო-ს ერთობას საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა ათენში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„თურქეთის უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს უარყოფითი შედეგები აქვს არა მხოლოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, არამედ ნატო-ს ერთობისთვის და ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთოებებისთვის“, – აღნიშნა ნიკოს დენდიასმა.
„როიტერის“ ინფორმაციით, საბერძნეთსა და თურქეთს არაერთ საკითხზე აქვთ უთანხმოება, მათ შორის, საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე, ასევე ეთნიკურად გაყოფილ კვიპროსზე. ქვეყნებს შორის დაძაბულობის საფუძველია ბუნებრივი გაზის საბადოების ძებნის საკითხიც, რადგან მხარეები კვიპროსთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე ვერ თანხმდებიან.