საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ენერგორესურსებზე ფასების ზრდის ფონზე ახალი ზომები დააანონსა

15:15, 20.09.2026

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ენერგორესურსებზე ფასების ზრდის ფონზე ახალი ზომები დააანონსა. მისი თქმით, საბერძნეთის მთავრობის მიზანია, მაზუთის საწყისი საცალო ფასი ლიტრზე 1.75 ევროს არ აღემატებოდეს.

ამასთან, მიცოტაკისის განცხადებით, გათბობისთვის განკუთვნილი დახმარება ყველა მომხმარებლისთვის გაიზრდება, ხოლო დიზელის საწვავზე მოქმედი სუბსიდია ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდება.

„უახლოეს დღეებში მთავრობა და ნავთობის გადამამუშავებელი კომპანიები მაზუთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ზომებს გამოაცხადებენ, რათა საწყისი ფასი ლიტრზე 1.75 ევროზე ნაკლები იყოს. ეს გასული წლის სეზონის ბოლოს არსებულ ფასზე დაბალი იქნება“- განაცხადა მიცოტაკისმა.

მისივე თქმით, გათბობის სუბსიდია გაიზრდება არა მხოლოდ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მაზუთს იყენებენ, არამედ იმ შინამეურნეობებისთვისაც, რომლებიც სხვა ტიპის ენერგიით თბებიან.

საბერძნეთის პრემიერის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, იმ რეგიონებს გაეწევათ, სადაც კლიმატური პირობების გამო გათბობის საჭიროება უფრო მაღალია.

მსგავსი