საბერძნეთი თურქეთს სუვერენიტეტის შელახვის მცდელობაში ადანაშაულებს და დახმარების თხოვნით ნატო-ს მიმართავს. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, მოკავშირეების წინაშე აღნიშნულ საკითხს ლონდონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე დააყენებს.
საბერძნეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მმართველი „ახალი დემოკრატიის“ პარტიის კონგრესზე თქვა, რომ ნატო-ს არ შეუძლია იყოს გულგრილი, როდესაც მისი ერთ-ერთი წევრი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. ოფიციალურ ათენს გასულ კვირას, თურქეთსა და ლიბიას შორის შეთანხმებაც აშფოთებს, რომლის მიხედვით მხარეებმა ხმელთაშუა ზღვის საზღვაო საზღვრები განსაზღვრეს.
საბერძნეთი, კვიპროსი და ეგვიპტე ამბობენ, რომ შეთანხმება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. საბერძნეთსა და კვიპროსს თურქეთთან ხმელთაშუა ზღვაში ბურღვითი სამუშაოების გამო აქვთ უთანხმოება.