საბერძნეთის პარლამენტში მაკედონიასთან შეთანხმების რატიფიცირებაზე კენჭისყრა გადაიდო
საბერძნეთის პარლამენტმა მაკედონიასთან ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით დღეს დაგგემილი კენჭისყრა გადადო. გამოცემა Ekathimerini-ს ცნობით, კენჭისყრა ხვალ გაიმართება.
ამავე დროს, ათენში მოსალოდნელი არეულობების გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. გასულ კვირას საბერძნეთის დედაქალაქში მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ ათობით ათასმა ადამიანმა გამართა საპროტესტო აქცია.
შეთანხმება, რომლის მიხედვითაც იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას ჩრდილოეთ მაკედონია უნდა ეწოდოს, უკვე დამტკიცებული აქვს მაკედონიის პარლამენტს.
ათენსა და სკოპიეს შორის შეთანხმების გაფორმება ორ სახელმწიფოს შორის მრავალწლიან დავას დაასრულებს და მაკედონიას ნატო-სა და ევროკავშირის კარს გაუღებს.
სახელწოდებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, საბერძნეთი ჩრდილოელი მეზობლის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ბლოკავდა.
მაკედონიამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი ოფიციალური სახელწოდებაა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.