საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან თამამად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ მეტოქის არდაფასება დაუშვებელია [ვიდეო] #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან თამამად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ მეტოქის არდაფასება დაუშვებელია [ვიდეო] #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრების ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ჯონ ვან სხიპმა გუნდში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკა და არ დამალა, რომ ტრავმირებულთა სიმრავლის გამო, გუნდის ნახევარდაცვა რთულ მდგომარეობაში ჩავარდა.

მან გუნდში ორი საკვანძო მოთამაშის, დიმიტრიოს პელკასის („ფენერბახჩე“) და გეორგიოს მასურასის („ოლიმპიაკოსი“) დაბრუნებით კმაყოფილება არ დამალა, მაგრამ ახსენა კარლოს ზეკას ტრავმა.

„შემტევი ნახევარმცველები, დიმიტრიოს პელკასი და გეორგიოს მასურასი დაგვიბრუნდნენ. ეს კარგი ამბავია. სამწუხაროდ გალანოპულოსს აქვს პრობლემა და ვერ დაგვეხმარება. ცუდი ამბავია ზეკას ტრავმაც. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ზეკა მოედნის ცენტრში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დიდი გამოცდილება აქვს“, – განაცხადა ჯონ ვან სხიპმა.

ნიდერლანდელმა მწვრთნელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაკრებთან ტრავმირებულ მოთამაშეებს სათანადოდ ჩაანაცვლებენ:

„ახლა მთავარ როლებში სხვა მოთამაშეები უნდა გამოვიდნენ, მაგრამ კურბელისის და გალანოპულოსის არყიფნაში ნახევარდაცვის ცენტრში ბევრი ვარიანტი არ გვაქვს. გვაკლია სამი ძირითადი მოთამაშე. გვყავს ალექსანდროპულოსი, სიოპისი და, რა თქმა უნდა, ბუშალაკისი, რომელმაც იცის, ამ პოზიციაზე როგორ ითამაშოს. შეგვიძლია საქართველოს და შვედეთის ნაკრებებს გავუმკლავდეთ“.

მან საქართველოსთან პირველი მატჩი გაიხსენა და მოახლოებულ შეხვედრაზეც ილაპარაკა:

„საქართველოსთან მარტში კარგად ნამდვილად არ გვითამაშია. ჩვენი შეცდომებიდან უნდა ვისწავლოთ და დასკვნები გამოვიტანოთ. ბათუმში თამამად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ საქართველო კარგი გუნდია და მისი არდაფასება დაუშვებელია“.