საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი - კონცენტრირებული ვართ საქართველოსთან მატჩისთვის, რომელმაც მარტში ბევრი პრობლემა შეგვიქმნა #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი - კონცენტრირებული ვართ საქართველოსთან მატჩისთვის, რომელმაც მარტში ბევრი პრობლემა შეგვიქმნა #1TVSPORT

ჯონ ვან სხიპმა საბერძნეთის ნაკრებში ფეხბურთელები გამოიძახა და გუნდი მალე დაიწყებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გასვლითი მატჩებისთვის მზადებას. ელინები საქართველოს (ბათუმს) 9 ოქტომბერს ესტუმრებიან, ხოლო შვედეთს სტოკჰოლმში – 12 ოქტომბერს.

ნიდერლანდელმა მწვრთნელმა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში მოახლოებულ დაპირისპირებებზე ილაპარაკა. მისი თქმით, ეს ორივე მატჩი ფინალის ტოლფასია.

„რამდენიმე დღეში ჩვენ ორ მნიშვნელოვან გასვლითი თამაშს გავმართავთ, რომლებიც პრიორიტეტულია. ჩვენ კონცენტრირებული ვიქნებით საქართველოს წინააღმდეგ, რომელთანაც გასულ მარტს სალონიკში ფრედ ვითამაშეთ, სადაც მეტოქემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ამიტომ, ჩვენ სათანადოდ უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ საჭირო შედეგი მივიღოთ. მხოლოდ ასე შევინარჩუნებთ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსს“, – განაცხადა ჯონ ვან სხიპმა.

საბერძნეთის ნაკრების ნიდერლანდელმა მწვრთნელმა შვედებთან შეხვედრაზეც ისაუბრა, რომლის შედეგიც ჯგუფში სატურნირო კუთხით ასევე გადამწყვეტი იქნება:

„საქართველოსთან და შვედეთთან მატჩებში ველოდები, რომ ჩემი ფეხბურთელები ისეთივე ითამაშებენ, როგორც გასულ თვეს შვედეთთან. მსგავსი ენერგიით და განწყობით თუ ვიქნებით და სათამაშო გეგმას ანალოგიურად დავიცავთ, შეგვიძლია მიზნებს მივაღწიოთ“.

ჯოპნ ვან სხიპი გახარებულია, რომ საბერძნეთის ნაკრებს ტრავმირებული მოთამაშეები დაუბრუნდნენ:

„გამოძახებულ მოთამაშეთა ნაწილი წინა მატჩებში ვერ გვეხმარებოდა და ტრავმების შემდეგ დაგვიბრუნდნენ. გარდა ამისა, დიდი ხნის შემდეგ ბრუნდება კოსტას სტაფილიდისი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით მთელი მისი არყოფნის დროს და მივესალმებით ეროვნულ ნაკრებში“.