საბერძნეთის სიდიდით მეორე კუნძულ ევიაზე ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. კუნძულზე ხანძარი უკვე მეექვსე დღეა, მძვინვარებს, რის გამოც ევიადან ათასობით ადამიანი ბორნებით გამოჰყავთ.
„როიტერის“ ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე ათას ჰექტარზე გავრცელდა, რამაც ხელისუფლება აიძულა, ათობით სოფლის ევაკუაცია განეხორციელებინა.
კუნძულ ევიაზე სტიქიას 600-მდე მეხანძრე ებრძვის. საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ჩრდილოეთით გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ნაწილობრივ მოხერხდა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა არსებულ ვითარებას „კოშმარული ზაფხული“ უწოდა და დასძინა, რომ მთავრობის პრიორიტეტი „უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სიცოცხლის დაცვაა“.