საბერძნეთი ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩასული მიგრანტების თავშესაფრის მიღების განაცხადების განხილვას წყვეტს
საბერძნეთი ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩასული მიგრანტების თავშესაფრის მიღების განაცხადების განხილვას წყვეტს

საბერძნეთი წყვეტს ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოსული მიგრანტების თავშესაფრის მიღების განაცხადების განხილვას. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.

ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე მიგრაციის ევროკომისარს და იტალიის, მალტისა და საბერძნეთის მინისტრებს ბენღაზიში დაფუძნებულმა მთავრობამ უარი უთხრა ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში შესვლაზე მიგრაციის საკითხზე შეხვედრაზე დასასწრებად და ისინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

„კანონმდებლობით, რომელიც ხვალ პარლამენტს წარედგინება, საბერძნეთი თავდაპირველად სამი თვით შეაჩერებს თავშესაფრის განაცხადების განხილვას ჩრდილოეთ აფრიკიდან ზღვით საბერძნეთში ჩასული პირებისთვის“, – განაცხადა მიცოტაკისმა პარლამენტში.

მან ასევე აღნიშნა, რომ აპირებს, ლიბიაში დააბრუნოს ყველა მიგრანტი, რომლებიც საბერძნეთში არალეგალურად შევიდნენ.

საბერძნეთის მთავრობისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ლიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან საბერძნეთის სამხრეთ კუნძულებზე, კრეტასა და გავდოსში ზღვით ჩასული მიგრანტების რაოდენობამ 7 300-ზე მეტს მიაღწია. შარშან მთელი წლის განმავლობაში ეს რიცხვი დაახლოებით 5 000-ს შეადგენდა.

„საბერძნეთის მთავრობის გზავნილია, რომ საბერძნეთისკენ მიმავალი გზა დახურულია და ეს არის გზავნილი ყველა მიგრანტების უკანონოდ გადამყვანისთვის, მათი ყველა პოტენციური კლიენტისთვის, რომ ფული, რომელსაც იხდიან, ფუჭად დაიხარჯება“, – აღნიშნა მიცოტაკისმა.