საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის - „შენი ხმა” ვიდეორგოლის პრეზენტაცია 9 ოქტომბერს შედგება
საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის - „შენი ხმა” ვიდეორგოლის პრეზენტაცია 9 ოქტომბერს შედგება

2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თამარ ედილაშვილის სიმღერის – „შენი ხმა“ ვიდეორგოლის პრეზენტაცია პირველი არხის დილის გადაცემაში „ახალი დღე“ 9 ოქტომბერს შედგება.

ვიდეორგოლი პირველი არხის რეჟისორმა კახა ბუხრაშვილმა გადაიღო. მას ეკუთვნის კლიპის კონცეფციაც.

ასევე, გადაღებაზე მუშაობდა პირველი არხის ვიზუალური სამსახურის ჯგუფი. თამარ ედილაშვილის იმიჯზე იზა ნადარეიშვილმა იზრუნა.

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა „შენი ხმა” კონკურსის შედეგად, 22 კომპოზიციას შორის, შეირჩა.

ჟიურის წევრები იყვნენ: დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, სოფო ხალვაში – მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი – მომღერალი, ზაზა ორაშვილი – რეჟისორი, მანანა მორჩილაძე – ვოკალის პედაგოგი და ლანა ქუთათელაძე – პირველი არხის პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი.

სიმღერის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ტექსტის ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-16 კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება.