საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის, გიორგი როსტიაშვილის კლიპის გადაღებები დაიწყო

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის, გიორგი როსტიაშვილის კლიპის გადაღებები საქართველოს პირველი არხის სტუდიაში დღეს დაიწყო. ვიდეორგოლს რეჟისორი ზაზა ორაშვილი იღებს.

გიორგი როსტიაშვილი მუსიკალური შოუ „რანინას“ გამარჯვებულია და ევროვიზიის კონკურსზე კომპოზიტორ დავით ევგენიძის შექმნილი სიმღერით „გვინდა, გვიყვარდეს“ (We need love) წარდგება.

ამასთან, კლიპში მონაწილეობას მიიღებენ პროექტ „რანინას“ წლევანდელი კონკურსანტებიც.

ევროვიზიის კონკურსისთვის საქართველოში სპეციალური საპროდიუსერო ხუთწევრიანი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ქართველ კონკურსანტებთან ევროპული სიმღერის კონკურსამდე იმუშავებს. სპეციალური ჯგუფის წევრები არიან პროექტ „აკუსტიკის“ პროდიუსერი გიორგი ასანიშვილი, მუსიკალური შოუს „რანინა“ პროდიუსერი ლანა ქუთათელაძე, ევროვიზიის კონკურსის დელეგაციის ხელმძღვანელი ნათია მშვენიერაძე, საქართველოს პირველი არხის მთავარი მუსიკალური პროდიუსერი დავით ევგენიძე და ევროვიზიის კონკურსის პროდიუსერი ნათია უზნაძე.

„საბავშვო ევროვიზია 2019“ პოლონეთში 24 ნოემბერს გაიხსნება.