საბავშვო ევროვიზია 2020-ის ფინალური შოუ დღეს გაიმართება - პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე 20:00 საათზე დაიწყება

პირველი არხის მაყურებელი დღეს, 20:00 საათზე საბავშვო ევროვიზია 2020-ის მასშტაბურ შოუს პირდაპირ ეთერში იხილავს. საბავშვო ევროფესტივალზე, საქართველოს სახელით სანდრა გადელია წარდგება.

ქართველი კონკურსანტი შეასრულებს გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერას „შენ მარტო არ ხარ“ (You are not alone). პანდემიის გამო, განსხვავებული იქნება საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი კონკურსი. საერთაშორისო ღონისძიება ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, ანუ მონაწილეთა გამოსვლები ჩაწერილი იქნება.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ხმის ონლაინ მიცემა ვებგვერდზე: vote.junioreurovision.tv არის შესაძლებელი. ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ვიდეოს ნახვის შემდეგ, შეგიძლია, ხმა მისცე სამ რჩეულს, მათ შორის – საქართველოს. ხმის მიცემა შეწყდება დღეს, 29 ნოემბერს, 20:00-ზე. დღეს კი პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს, მას შემდეგ, რაც ყველა სიმღერა შესრულდება, კიდევ შეგეძლებათ ხმის მიცემა მხოლოდ 15 წუთით.

საქართველოს სახელით საკონკურსო ქულებს „რანინას“ ერთ-ერთი მონაწილე, მარიტა ხვედელიძე გამოაცხადებს.

საბავშვო ევროფესტივალის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.