„საბავშვო ევროვიზია 2018“-ის ქართველი კონკურსანტი მაყურებელს მიმართავს [ვიდეო]

„საბავშვო ევროვიზია 2018“-ის ქართველ კონკურსანტს, თამარ ედილაშვილს კონკურსის გენერალურ რეპეტიციაზე დღეს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. მათი ქულები ხვალამდე ანონიმური იქნება, ხვალ კი მაყურებლის ლაიქებთან დაჯამდება და გამარჯვებული გამოვლინდება.

თამარი მაყურებელს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა გუშინ, 23:00 საათზე დაიწყო და კვლავაც გრძელდება. ხმის მიცემის პროცედურა 25 ნოემბერს, გრანდიოზული შოუს დაწყების წინ შეწყდება და სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება.

კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია vote.junioreurovision.tv-ის მეშვეობით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ყველა მონაწილის ვიდეორგოლი; ხმა მისცეთ სამ, ოთხ, ან ხუთ ფავორიტ მუსიკალურ ნომერს. შეგიძლიათ, მხარი დაუჭიროთ თქვენს ქვეყანას, თქვენივე ქვეყნიდან.

გამარჯვებული კონკურსანტი საერთაშორისო ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. თითოეული კონკურსანტის ქულების 50 პროცენტს მაყურებლის ხმები, ხოლო მეორე 50 პროცენტს ჟიურის შეფასება განსაზღვრავს.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. საქართველოს კონკურსზე თამარ ედილაშვილი წარადგენს. საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა „შენი ხმა“ კონკურსის შედეგად 22 კომპოზიციას შორის შეირჩა.

საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილი მე-13 ნომრად გამოვა.

მასშტაბური შოუ  25 ნოემბერს მინსკში გაიმართება. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.