საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერები დასრულდა - კომპანია „ნილს“, სავარაუდოდ, „ეკოლუქსი“ და „ქართული რძის პროდუქტები“ შეცვლის​
საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერები დასრულდა - კომპანია „ნილს“, სავარაუდოდ, „ეკოლუქსი“ და „ქართული რძის პროდუქტები“ შეცვლის​

თბილისის საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერები დასრულდა – კომპანია „ნილს“, სავარაუდოდ, „ეკოლუქსი“ და „ქართული რძის პროდუქტები“ ჩაანაცვლებს

თბილისის მარჯვენა სანაპიროზე საბავშვო ბაღებს საკვებით, სავარაუდოდ, კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ მოამარაგებს. სწორედ მან გაიმარჯვა ელექტრონულ ტენდერში, რომელიც მერიამ მეორედ, წინა ტენდერის ჩაშლის შემდეგ გამოაცხადა.

როგორც საქართველოს პირველ არხს კომპანიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე სპეციალური კომისია მათ მიერ შედგენილ დოკუმენტებს სწავლობს და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.

ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგება 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს. ამ მიზნით მარჯვენა სანაპიროზე არსებული ბაღებისთვის 19 მილიონი ლარი დაიხარჯება. წინა ტენდერის პირობებში, რომელიც მსურველის არარსებობის გამო ჩაიშალა, აღნიშნული თანხა 17 მილიონს შეადგენდა. მერიაში განმარტავენ, რომ ფასის ცვლილება ბაზრის კვლევის შედეგად მოხდა.

რაც შეეხება მარცხენა სანაპიროს, ტენდერში „ეკოლუქსმა“ გაიმარჯვა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული.

შესყიდვის ღირებულება მარცხენა სანაპიროს შემთხვევაში 43 265 221 ლარია.

ტენდერის პირობების თანახმად, პრეტენდენტს 2016 წლის პირველი იანვრიდან უნდა ჰქონდეს საკვები პროდუქტების მიწოდების არანაკლებ 10 000 000 ლარის ღირებულების გამოცდილება. უნდა გააჩნდეს საერთაშორისო ISO 9001:2008 ან ISO 9001:2015 ან ISO 22000 (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის) მოქმედი სერტიფიკატი.

მიმდინარე წლის 20 მაისს, ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების გამოვლენილი ხარვეზების გამო, თბილისის მერიამ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა. 2018 წელს, ერთი წლის განმავლობაში, ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერის ღირებულება 34 მილიონ ლარს შეადგენდა.

ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, შესყიდვებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თავად ახორციელებდნენ. 27 მაისიდან კი, მერიამ აღნიშნული სერვისის მიმწოდებლად, ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, კომპანია „მზიური“ შეარჩია.