საბანაძემ ლიცენზია მიიღო - ახალგაზრდა მწვრთნელმა მუშაობა „საბურთალოს“ აკადემიაში დაიწყო #1TVSPORT
ფეხბურთიდან ნაადრევად წასულმა ნიკა საბანაძემ მუშაობა „საბურთალოს“ აკადემიაში დაიწყო – 30 წლის ყოფილი ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
საქმე ისაა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის სწავლება დასრულდა, სადაც სხვებთან ერთად „საბურთალოს“ მწვრთნელები – თემო ბაგრატიონი („საბურთალო“” მთავარი გუნდის ანალიტიკოსი), ნიკოლოზ საბანაძე და გიორგი ჯავახიშვილი (19-წლამდელების მწვრთნელი) მონაწილეობდნენ. სამივემ სწავლება წარმატებით დაასრულა და B კატეგორიის ლიცენზია მიიღო.
ნიკოლოზ საბანაძემ კარიერა 2020 წლის იანვარში, 29 წლის ასაკში ქრონიკული ტრავმების გამო დაასრულა. მას ხერხემლის პრობლემები ჰქონდა და თავიდან ექიმებისგან დამაიმედებელი პასუხები მიიღო, ვარჯიშიც განაახლა და 2020 წლის სეზონში სრულფასოვნად თამაშსაც გეგმავდა, მაგრამ სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა. მაშინ ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს კლუბში დარჩენა და „დინამოში“ მუშაობა შესთავაზა, მაგრამ საბანაძემ თბილისში დაბრუნდა ამჯობინა და ამჟამად, „საბურთალოს“ აკადემიის 15-წლამდელთა გუნდის მწვრთნელია.
ნიკოლოზ საბანაძე თამაშობდა „სამტრედიაში“, ქუთაისის „ტორპედოში“, მარტვილის „მერანში“, თბილისის „საბურთალოში“, „ზესტაფონსა“ და „დინამო თბილისში“, კარიერა კი ბათუმის „დინამოში“ დაასრულა.