საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის მალულად გადატანის ფაქტზე ორი პირი ამხილეს
საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის მალულად გადატანის ფაქტზე ორი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტზე მხილებულია ორი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა მათი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში განათავსეს ერთ შემთხვევაში 874 ცალი, ხოლო მეორე შემთხვევაში 818 ცალი მაჯის საათი და საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით მის მალულად გატანას შეეცადნენ თურქეთის რეპუბლიკაში“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული კონტრაბანდული საქონლის საბაჟო ღირებულება 53 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან 11 წლამდე ვადით.