საბა სვანიძე – გასულ წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული პროგრამით ინფრასტრუქტურის სამინისტროში გავიარე სტაჟირება, დღეს იმ ადამიანებთან ვმუშაობ, ვისგანაც პროფესიული გამოცდილება მივიღე

15:32, 18.07.2026

დღეს ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც, ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელი, მონაწილეობას მივიღებდი ახალი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაში, – ამის შესახებ საგზაო ინჟინერმა, საბა სვანიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც საბა სვანიძემ აღნიშნა, გასულ წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიარა სტაჟირება.

„ყველაფერი გასულ წელს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით გადავწყვიტე მეცადა ბედი. სტაჟირება ინფრასტრუქტურის სამინისტროში გავიარე და სტაჟირების დასრულების შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტში დავსაქმდი. დღეს იმ ადამიანებთან ერთად ვმუშაობ, ვისგანაც პირველი პროფესიული გამოცდილება მივიღე და მიხარია, რომ დღეს უკვე რეალური პროექტების განხორციელებაში ვმონაწილეობ. გზებს, ხიდებსა და გვირაბებს, პირველ რიგში, ადამიანების შრომა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი აშენებს. ამიტომაც, როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, მივიღე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნებოდა ჩემი ცხოვრების მანძილზე. მე მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს და ვუთხრა, რომ ტექნიკური საგნები თუ გაინტერესებთ და გამოწვევები არ გაშინებთ, აუცილებლად დაფიქრდით საინჟინრო პროფესიის არჩევაზე. საბოლოოდ კი, მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას ამ შესაძლებლობისთვის“, – განაცხადა საბა სვანიძემ.

მსგავსი