საბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებად გადაუკვალიფიცირდა
საბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებად გადაუკვალიფიცირდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, პოლიციელ მირიან ქავთარძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა. აღნიშნულის შესახებ შუამდგობლობა პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

კერძოდ, საბა სხვიტარიძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 11-წლამდე პატიმრობას. აღნიშნული მუხლი მას ახლა 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ექვსი თვიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამგვარად, საბა სხვიტარიძის ბრალდებიდან უშუალოდ პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი სრულიად გაუქმდა.

მუხლის გადაკვალიფიცირების გამო დაცვის მხარემ ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცველმა, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება თავის არეში მიიღო.

ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცველების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.