საბა ხარებაშვილის გზა ეროვნულ ნაკრებამდე - მას ევროპული გრანდები აკვირდებიან #1TVSPORT
საბა ხარებაშვილის გზა ეროვნულ ნაკრებამდე - მას ევროპული გრანდები აკვირდებიან #1TVSPORT

საბა ხარებაშვილი საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია – ის უფრო პატარა აღმოჩნდა (16 წლის, 9 თვისა და 2 დღის), ვიდრე ლევან ყენია და ჯანო ანანიძე, რომლებმაც თავის დროზე რეკორდები დაამყარეს.

აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილმა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა 2024 წლის 26 აპრილს „თელავის“ წინააღმდეგ ჩაატარა და საქართველოს ჩემპიონატში მაშინდელი სეზონის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა – საბა ამ დროს იყო 15 წლის და 236 დღის. უთამაშია საქართველოს 17 და 19-წლამდეითა ნაკრებებში.

საბა უეფა-ს საკლუბო ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელიც გახდა და შესაბამისად, უეფა-ს რეკორდიც ეკუთვნის. მან ევროტურნირზე პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი 2024 წელს 15 წლის, 10 თვის და 8 დღის ასაკში ჩაატარა.

საინტერესოა, რომ საბას კიდევ ორი რეკორდი ეკუთვნის: პირველი – ხარებაშვილი გახდა ეროვნული ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომლის სატრანსფერო შეფასებამ მილიონ ევროს გადააჭარბა; მეორე – ხარებაშვილი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც transfermarkt-მა საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ დაასახელა – ავტორიტეტული პორტალი მის ტრანსფერს 1,2 მილიონ ევროდ აფასებს.

ამ ყველაფრის ფონზე, საბამ არაერთი უცხოური გამოცემის ყურადღება მიიქცია.

Diario AS-ი, 2024 წლის 9 ნოემბერი – „ვინ არის საბა ხარებაშვილი, ქართველი ვარსკვლავი, რომელიც მადრიდის „რეალს“ აინტერესებს?“

იტალიური გაზეთის, „ლა გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, ხარებაშვილით ინტერესდება ევროპის მრავალი დიდი კლუბი, მათ შორის „რეალი“ და ლა ლიგაში მისი მთავარი მეტოქე „ბარსელონა“. 17 წლამდელთა ნაკრებში საბამ თავი მომავალ ვარსკვლავად წარმოაჩინა – თამაშით, რომელიც აერთიანებს ტექნიკის სიმწიფეს და ტაქტიკურ აზროვნებას, რაც მის ასაკში უჩვეულოა.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მოზარდი ლა ლიგაში ტრანსფერის მთავარ კანდიდატად წარმოაჩინა. მისმა კლუბმა ესპანეთში კავშირების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგა, ამ ქვეყანაში ოფისი გახსნა. ასეთმა ძალისხმევამ, შეიძლება, ახალი შესაძლებლობები მისცეს ხარებაშვილის მსგავს ქართველ ტალანტებს.

PSGInside-ი, 2025 წლის 9 მარტი – „პარი სენ-ჟერმენმა“ ცოტა ხნის წინ ინტერესი გამოხატა ახალგაზრდა ქართველი ტალანტის, საბა ხარებაშვილის მიმართ, რომელიც „დინამო თბილისში“ თამაშობს. ქართველით „ლივერპული“, „ბაიერნი“, „ნაპოლი“ და მადრიდის „რეალი“ არიან დაინტერესებულნი.

1.84 მეტრი სიმაღლისა და მარცხენა ფეხით მოთამაშე ხარებაშვილი ცნობილია დაცვითი მრავალფეროვნებით, დახვეწილი ტექნიკითა და პასების უნარით. ეს თვისებები მას სრულყოფილ მოთამაშედ აქცევს, რომელსაც სხვადასხვა სათამაშო ვითარებასთან ადაპტაცია შეუძლია.

გადაწყვეტილების მიღებაში, შესაძლოა, ახალგაზრდა ფეხბურთელს კვარაცხელიას ფაქტორი დაეხმაროს“.