საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ იტალიის სერია A-ში „ნაპოლის“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და მატჩის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო. იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა დამაჯერებლად დაიწყო და მე-18 წუთზე სკოტ მაკტომინეის გოლით დაწინაურდა.
შოტლანდიელი ნახევარმცველი და რომელუ ლუკაკუ მატჩის გმირები იყვნენ. ბელგიელმა თავდამსხმელმა პირველი გოლის დროს ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა, 56-ზე თავად გაიტანა, 61-ე წუთზე კი მეორე ასისტით მაკტომინეის დუბლის შესრულებაში დაეხმარა.
იტალიის სერია A-ში გამართული 32-ე ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 68 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ სამი ქულით ჩამორჩება, ხოლო „ემპოლი“ (24 ქულა) მე-19 ადგილზე, ანუ ლიგიდან დაქვეითების ზონაშია.