საბა გოგლიჩიძეს იტალიურ კლუბებში იწვევენ - სტივ კინს „ტორპედოს“ ფეხბურთელით დაინტერესება არ უკვირს #1TVSPORT
17:03, 30.11.2023
ქუთაისის „ტორპედოს“ ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე სეზონის ბოლოს იმერულ კლუბს დატოვებს და, დიდი ალბათობით, კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს – ინფორმაციას GeoTeam-ი ავრცელებს.
„ტრანსფერზე ყველაზე მეტად ორი კლუბი აქტიურობს: „მილანი“ და „იუვენტუსი“. 19 წლის ცენტრალური მცველის დამატების სურვილს „უდინეზე“ და „ვერონაც“ გამოხატავენ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, „მილანი“ მზადაა, ქართველი მცველი დაიმატოს და იჯარით სხვა იტალიურ კლუბში გაუშვას. „იუვენტუსი“, მინიმუმ, 2024 წლის ზაფხულამდე ამ არენდის წინააღმდეგია. შევიტყვეთ, რომ გოგლიჩიძის ტრანსფერზე ლევან მჭედლიძე მუშაობს. გარიგება, სავარაუდოდ, 10 დეკემბრამდე დაიხურება“, – წერს Geo Team-ი.
საქართველოს პირველ არხს ქუთაისის „ტორპედოში“ დაუდასტურეს, რომ საბა გოგლიჩიძით უცხოური კლუბები ნამდვილად დაინტერესდნენ, რადგან საბა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია, მაგრამ კლუბები და ქვეყნები არ დააკონკრეტეს. როგორც გვითხრეს, გადაწყეტილი ჯერ არაფერია.
სეზონის დასრულების შემდეგ კლუბში სიახლეები შედეგებიდან გამომდინარე იქნება და შესაძლოა, ეს ინფორმაციაც გამართლდეს. შევიტყვეთ, რომ ინტერესი ქუთაისის „ტორპედოს“ სხვა მოთამაშეების მიმართაც არის.
ცოტა ხნის წინ DailyMail-ში „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც სტივ კინი ისეთ ფრაზას ამბობს, რომლის შინაარსიც, შესაძლოა, ახლა უფრო გასაგები გახდეს.
„საქართველოს ნაკრების მოთამაშეების უმეტესობა ადგილობრივ ჩემპიონატში არ თამაშობს, მაგრამ კარიერა ყველამ სამშობლოში დაიწყო. ასე რომ, აქ ხარისხი ძალიან მაღალია და არ გამიკვირდება, თუ იტალიურ კლუბებს ადგილობრივი მოთამაშეების გამო სერიოზული კონკურენცია ექნებათ.
რამდენიმე მენეჯერმა უკვე მკითხა ქართველი ფეხბურთელების შესახებ და მათთან ყოველთვის გულწრფელი ვარ. გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები, მათ შორის ძალიან კარგია 19 წლის ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს“, – ამბობს სტივ კინი.