საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ პარლამენტი ახალ კანონპროექტს თუ დაამტკიცებს, გირაოთი დღეს გათავისუფლებულ სამ პირზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება
საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ პარლამენტი ახალ კანონპროექტს თუ დაამტკიცებს, გირაოთი დღეს გათავისუფლებულ სამ პირზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და მისი ოდენობა სასამართლომ 1000 ლარით განსაზღვრა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე ასევე დააყენა შუამდგომლობა საქმის ცალკე გამოყოფის თაობაზე, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

„საქალაქო სასამართლომ დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძის და ირაკლი წაქაძის მიმართ. დაცვის მხარემ მოითხოვა შეფარდებული პატიმრობის ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებით, გირაოთი შეცვლა. სასამართლომ იმსჯელა და დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. საბა ჩხარტიშვილს შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და მისი ოდენობა სასამართლომ 1000 ლარით განსაზღვრა. რაც შეეხება საქმის ცალკე გამოყოფის საკითხს, დაცვის მხარემ ასევე საქმის ცალკე გამოყოფაზე დააყენა შუამდგომლობა, რომ გირაოს დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმე ცალკე გამოყოფილიყო და შესაბამისად, სასამართლომ ამ ნაწილშიც მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ამასთან, მისივე თქმით, პარლამენტი ახალ კანონპროექტს თუ დაამტკიცებს, გირაოთი დღეს გათავისუფლებულ სამ პირზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება.

„საბა ჩხარტიშვილს ბრალად აქვს შერაცხული სისხლის სამართლის კოდექსის, 120-ე, 126-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენა, ამ კონკრეტულ მუხლებზე ამნისტიის აქტში გათვალისწინებულია, რომ ამ მუხლებით ბრალდებულ პირებზე გავრცელდება ამნისტიის აქტი, შესაბამისად, როცა საბოლოო სახეს – კანონის სახეს მიიღებს ამნისტიის აქტი, ვფიქრობთ, რომ მისი სიკეთე საბა ჩხარტიშვილს შეეხება. საქმე არსებითად განსახილველად სხვა მოსამართლეს გადაეცა, ამ პერიოდში, თუკი პარლამენტი ამნისტიის შესახებ აქტს მიიღებს და ხელს მოაწერს პრეზიდენტი, უკვე პროცედურულად სისხლის სამართლებრივი დევნა შესაწყვეტი იქნება.

საბა ჩხარტიშვილს ბრალი ედებოდა ვახტანგ ჩიქოვანისა და ნ.ქ.-ს მიმართ ძალადობის განხორციელებაში, მათ ჩვენება ჰქონდათ მიცემული 19 ივნისს, შესაბამისად, გულწრფელად საუბრობდნენ ბრალდებულები მათ მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებებზე. მათ აღნიშნული ჩვენება დაადასტურეს და შესაბამისად, ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი, რომ სასამართლოს მიეღო გადაწყვეტილება, რომ მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა“,- განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული სამი პირი – საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე დღევანდელ სასამართლოპროცესზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მათ ბრალად ედებათ ძალადობა და ამ საქმის პირველ ეპიზოდში, მხოლოდ ნარეკვავის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში ფიგურირებენ.

დატოვე კომენტარი