საბა ბუაძე - შედგა არნახული მასშტაბის შეთანხმება ბევრ, ძალიან მრავალფეროვან და დაპირისპირებულ პარტიებს შორის
საბა ბუაძე - შედგა არნახული მასშტაბის შეთანხმება ბევრ, ძალიან მრავალფეროვან და დაპირისპირებულ პარტიებს შორის

ივანიშვილი ათი წლის თავზე ისევ გვთავაზობს საკუთარ თავს და თავის მყეფარე ძაღლებს, ჩვენ კი ვთავაზობთ კოალიციას, ძალიან კონკრეტული გეგმით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ამ კოალიციურ მთავრობაში „ლელოს“ წამომადგენლები სწორედ ამ გეგმის განსახორციელებლად არიან შერჩეული“, – განაცხადა ბუაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მოხდა, რომ „ლელოს“ ლიდერი შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე გახდეს, თუ ნიკა მელია თბილისის მერი გახდება, მაშინ, როცა „ლელო“ მუდმივად პოზიციონირებდა, რომ მესამე ძალა იყო, რომელსაც ორპოლუსიანობის გარღვევა შეეძლო, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ ამ შეფასებას ვერ ხვდება.

„ვერ მივხვდი, რა შეფასებაა. ნიკა მელია არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პარტიის თავმჯდომარეობას დატოვებს და ესეც მნიშვნელოვანია. ვინ სად იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შედგა არნახული მასშტაბის შეთანხმება ბევრ, ძალიან მრავალფეროვან და დაპირისპირებულ პარტიებს შორის. ჩვენ მესამე ძალად არასდროს არ ვპოზიციონირებდით. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პირველი ძალა. ისევე, როგორც გვინდა, რომ საქართველომ დაიბრუნოს პირველობა რაღაცაში და არა კოვიდსიკვდილიანობაში, როგორც დღეს არის“, – განაცხადა ბუაძემ.

მისი თქმით, დიდ ქალაქებში და იქ, სადაც ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურია, მოგება ქვეყნისთვის არის ეგსისტენციალური მნიშვნელობის.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ დამატებითი ძალისხმევა გავიღეთ და ფაქტიურად, წარმოდგენილი ვართ ჩვენი სრული სიმძლავრეებით“, – განაცხადა ბუაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მონაწილეობს თუ არა „ლელო“ კოალიციური ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბებაში ფინანსური კუთხითაც, თუნდაც, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში, ბუაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რთული წარმოსადგენია ის, რომ პოლიტიკური კამპანია სუფთა ხელებით და კეთილი განზრახვით შეიძლება, იყოს ნაკარნახევი.

„ტექნიკური საკითხები, ვინ ბანერს ბეჭდავს და ვინ ბუკლეტს ამზადებს, მე მგონი, არც საზოგადოებისთვის არის საინტერესო და არც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ბუაძემ.

შეკითხვაზე, რა აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნიკა მელია იქნება გამარჯვებული, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს კახა კალაძესთან პირველ ტურში 11%-იანი ჩამორჩენა ჰქონდა, გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ არც ერთ მხარეს არ არის და არჩევანის გაკეთება საკუთარ ამომრჩეველს მიანდო, ბუაძემ აღნიშნა, რომ ამომრჩეველი გადაწყვეტილებას იმის მიხედვით არ იღებს, ვინ რისკენ მოუწოდებს და შეუძლებელია, ასეთი კვალიფიციური კოალიციური მთავრობის მიმართ ადამიანები გულგრილად იყვნენ განწყობილი.

„მე არც ერთი წამით არ მჯერა ის, რომ კონკრეტული პოლიტიკოსის მოწოდების შედეგად ამომრჩეველი წავა და ვინმეს დაუჭერს მხარს. ამომრჩეველი არის გონიერი, ბევრი რამე აქვს ნანახი და ახლა, გიორგი გახარია რას იტყვის, ან ალეკო ელისაშვილი, ამომრჩეველი ამის მიხედვით არ იღებს გადაწყვეტილებას. ამომრჩეველი გადაწყვეტილებებს იღებს ამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სიმპათიებიდან გამომდინარე და შეუძლებელია, ის ვერ ხედავდეს ცვლილებების აუცილებლობას. შეუძლებელია, ასეთი კვალიფიციური კოალიციური მთავრობის მიმართ ადამიანები გულგრილად იყვნენ განწყობილი“, – განაცხადა ბუაძემ.

გადაცემის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა „ლელოს“ ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებისას გიორგი გახარიასთან კომუნიკაციის მცდელობა, მისი მოწოდებების და განცხადებების მიუხედავად, ბუაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარია „ლელოს“ ლიდერებს აქამდე, ეპისტოლარულ ჟანრში ეკონტაქტებოდა და ამიტომ, არც ერთ ამ საკითხზე მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.