საბა ბუაძე - როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" კომფორტულად გრძნობს თავს ერთპარტიულ პარლამენტში და ამას ემსახურება მოლაპარაკებების მაგიდის აყირავების მცდელობა
საბა ბუაძე - როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" კომფორტულად გრძნობს თავს ერთპარტიულ პარლამენტში და ამას ემსახურება მოლაპარაკებების მაგიდის აყირავების მცდელობა

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება” კომფორტულად გრძნობს თავს ერთპარტიულ პარლამენტში და ამას ემსახურება მოლაპარაკებების მაგიდის აყირავების მცდელობა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივები სულ უფრო ართულებს და კეტავს მოლაპარაკებების პროცესს.

„ქართული ოცნების“ აგრესიული, ძალადობრივი რიტორიკა და ინიციატივები ჩვენი ფასილიტატორების და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გარეშე ცხადია, ვერ დარჩებოდა და დღეს უკვე ირაკლი კობახიძის ამ ამაზრზენ ინიციატივებს გამოეხმაურა კუბილიუსი, სენატორი რიში და ადგილზე დიპლომატიური წარმომადგენლების ხელმძღვანელები, რომლებიც ამ პროცესების ფასილიტაციაში მონაწილეობენ. ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯები ართულებს მოლაპარაკებებს, სულ უფრო კეტავს შეთანხმების სივრცეს ეს ბუნებრივია, რადგან „ქართულ ოცნებას“ განზრახული აქვს, დააშანტაჟოს და კედელთან მიაყენოს პოლიტიკური ოპოზიცია ფინანსების შეზღუდვით, რეგისტრაციის გაუქმებით და იმ ყველა ინიციატივით, რომელიც ემსახურება ამ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას. როგორც ჩანს, ისინი კომფორტულად გრძნობენ ერთპარტიულ პარლამენტში თავს და ამას ემსახურება მოლაპარაკებების მაგიდის აყირავების მცდელობა.

ცხადია, მანდატებზე უარის თქმა არც ერთი ოპოზიციური პარტიისთვისაც არ არის მოსაწონი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ისეთი პოლიტიკური კლიმატი, სადაც მანდატებზე უარის თქმა და ამ ცრუ პროცესის ბოიკოტირება არის ერთადერთი დემოკრატიული პროცესი, რათა მათი დარწმუნება შევძლოთ, რომ ხელახალი არჩევნებია საჭირო“, – განაცხადა საბა ბუაძემ.