საბა ბუაძე - „ქართული ოცნება“ არაკონსტიტუციური ინიციატივებით ცდილობს, ოპოზიცია დააშანტაჟოს, თუმცა პარლამენტში არშესვლაზე პოზიცია ძალიან პრინციპულია
საბა ბუაძე - „ქართული ოცნება“ არაკონსტიტუციური ინიციატივებით ცდილობს, ოპოზიცია დააშანტაჟოს, თუმცა პარლამენტში არშესვლაზე პოზიცია ძალიან პრინციპულია

„ქართული ოცნება“ არაკონსტიტუციური და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული ინიციატივებით ცდილობს, ოპოზიცია დააშანტაჟოს, ნაცვლად იმისა, რომ კიმპრომისი გამოინახოს და შეთანხმება მოხდეს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიებზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობს, თუმცა პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების პიზიცია ძალიან პრინციპულია.

„ეს არის „ქართული ოცნების“ მორიგი დესტრუქციული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მოლაპარაკებების მაგიდის აყირავებას და შეთანხმების ყველა შესაძლებლობის გვერდზე გადადებას.

„ქართული ოცნება“ დღეს ამ არაკონსტიტუციური და სამართლებრივ საფუძველს მიკლებული ინიციატივებით ცდილობს, ოპოზიცია დააშანტაჟოს, ნაცვლად იმისა, რომ კიმპრომისი გამოინახოს და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს შეთანხმება, პროცესმა ინსტიტუციურ ჩარჩოებში გადაინაცვლოს. „ქართული ოცნებ“ ცდილობს, უფრო მეტი წნეხი მოამატოს, რათა პოლიტიკურ პარტიებზე ზემოქმედება მოახდინოს. ეს მათ არ გამოუვათ. პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების პიზიცია ძალიან პრინციპულია. შანტაჟის და წნეხის საშუალებით მათ ვერ მოახერხეს ამ ყველაფრის გადათქმა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კანონპროექტი „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება?, – ბუაძე პასუხობს, რომ ცხადია, იკვეთება კონკრეტული პარტიის მისამართით შექმნილი ინიციატივები.

„რომელი პარტიაც არ უნდა იყოს, ეს უკიდურესად საგანგაშოა, ვინაიდან სახეზეა ძალიან მწყობრი ნაბიჯით სვლა ავტოკრატიისკენ. იქ, სადაც პოლიტიკური პარტიების გაუქმება ხდება და იქ, სადაც ჭეშმარიტებაზე მონოპოლია მხოლოდ ერთ პარტიას აქვს“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

საბა ბუაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიების პრინციპული პოზიცია არ შეიცვლება.

„როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძეს უჭირს იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება პრინციპები ფულზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს. მან კიდევ ერთხელ დაინახა ოპოზიციის შიგნით ძალიან პრინციპული პოზიცია და დაფინანსების შეწყვეტაზე ვერანაირი მუქარა ამ პრინციპულ პოზიციას ვერ შეასუსტებს. ეს მავნებლური ნაბიჯია, რომელიც პოლიტიკური დესტაბილიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს, ვინაიდან პარტიებს ფული არსებობისთვის სჭირდებათ. პარტიებშიც ადამიანები არიან დასაქმებულები, რომლებსაც დღეს ირაკლი კობახიძე უკანასკნელი შემოსავლების შეზღუდვით ემუქრება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.