საბა ბუაძე - კრიზისის დასრულებას ხელისუფლებისა და ყველა დიდი მოთამაშის შეთანხმება სჭირდება
საბა ბუაძე - კრიზისის დასრულებას ხელისუფლებისა და ყველა დიდი მოთამაშის შეთანხმება სჭირდება

საერთო ოპოზიციური მოთხოვნების შემუშავებიდან დღემდე მოცემულობა არ შეცვლილა და გაუგებარია, თუ რა ამოძრავებს ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელსაც ახლა პარლამენტში შესვლა უნდა. ჩვენ გვაქვს ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომლის განმუხტვისთვისაც ხელისუფლებას დღემდე არაფერი გაუკეთებია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „პარლამენტში შესვლა იქნება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება“.

„ჩვენ გამოვდივართ იქედან, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ოპოზიციის მიერ მიღებული უნდა იქნას, საჭიროებს ფართო პოლიტიკურ კონსესუსს და ეს პოლიტიკური კრიზისიც საერთო პოლიტიკური სპექტრის შეთანხმების გარეშე ვერ დასრულდება, თუ ერთი და ორი ადამიანი პარლამენტში შევა. ამ კრიზისის დასრულებას სჭირდება, ფართო პოლიტიკური სპექტრის ხელისუფლების და ოპოზიციის, ყველა დიდი მოთამაშის შეთანხმება. მხოლოდ და მხოლოდ ამას შეუძლია ამ ვითარების გამოსწორება“, – განაცხადა ბუაძემ.

„გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა „გირჩის“ ოფისში იმართება, სადაც „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წარმომადგენელი ლევან იოსელიანი მივიდნენ.