საბა ბუაძე - კომპრომისის საპოვნელად ხელისუფლების როლი არის გადამწყვეტი, რადგან ოპოზიციამ საკუთარი ხედვები უკვე გაუზიარა როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე ხელისუფლებას
საბა ბუაძე - კომპრომისის საპოვნელად ხელისუფლების როლი არის გადამწყვეტი, რადგან ოპოზიციამ საკუთარი ხედვები უკვე გაუზიარა როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე ხელისუფლებას

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, კომპრომისის მოსაძებნად ხელისუფლების როლი გადამწყვეტია, ვინაიდან ოპოზიციამ საკუთარი შეთავაზება და ხედვები უკვე გაუზიარა როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე ხელისუფლებას.

მისივე თქმით, ოპოზიციის შეფასებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.

„ევროკავშირის ელჩი მიანიშნებს სწორედ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია კომპრომისის გამონახვა. კომპრომისის საპოვნელად ხელისუფლების როლი არის გადამწყვეტი, ვინაიდან ოპოზიციამ საკუთარი შეთავაზება და ხედვები უკვე გაუზიარა როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ისე ხელისუფლებას.

ახლა ჯერი არის „ქართულ ოცნებაზე“, რომ წარმოადგინონ მათი ხედვა, თუ როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ ვითარებიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, მათ შორის ერთადერთი სამართლებრივი გზა იმისა, რომ კრიზისი განიმუხტოს.

ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ფუნქციური პარლამენტის შესახებ, ყველას მიაჩნია, რომ პარლამენტში პროცესების ყოფნა არის მნიშვნელოვანი, ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნების ჩატარებით, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით და კანონმდებლობით“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ბუაძის განმარტებით, დღეს ოპოზიციური ერთიანობა არის უპრეცედენტოდ მტკიცე, რაც გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიცია გაერთიანდა ერთი ძირითადი მოთხოვნის გარშემო – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები სამართლიან გარემოში.

„ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, რომ ეს ოპოზიციური ერთობა გატყდეს. ზუსტად ერთიანი ფრონტით მოვახერხებთ, რომ გამოვნახოთ კომპრომისი. მთავარია, ხელისუფლებამ აგრესიულ რიტორიკას დაანებოს თავი და მოლაპარაკებებზე წამოვიდეს, არა ფარისევლურ და ფასადურ მოლაპარაკებებზე , არამედ რეალური ნაბიჯები გადმოდგას, რათა განიმუხტოს ძალიან რთული სიტუაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ სრული პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „არსებითია, საბოლოოდ ჩვენ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველო შეძლებს, ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც მზად იქნება, გაუმკლავდეს იმ პასუხისმგებლობებს, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ელოდება“.