საბა ბუაძე - გაფუჭებული საქმის გასწორება მხოლოდ და მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია
გაფუჭებული საქმის გასწორება მხოლოდ და მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„გაყალბებული არჩევნებისა და ამომრჩევლის დამახინჯებული ნების გასწორება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ახალ არჩევნებს. ამის ეკვივალენტი სამწუხაროდ, არც ერთი ის პირობა არ არის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ამ გაფუჭებული საქმის გასწორება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ახალ არჩევნებს, რომელსაც შეუძლია, ეს პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს“, – განაცხადა ბუაძემ.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა არგუმენტების საფუძველზე ცხადდება არჩევნები გაყალბებულად მაშინ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში დარღვევების შესახებ მითითებები არის, მაგრამ ნათქვამია, რომ ეს ხარვეზები საბოლოო საარჩევნო სურათზე გავლენას ვერ მოახდენდა, ბუაძემ აღნიშნა, რომ ცხადია, ეს ფალსიფიცირებული, არასამართლიანი არჩევნები იყო და სადამკვირვებლო მისიების არც ერთ ანგარიშში არ არის ნახსენები სიტყვა – სამართლიანი.
ბუაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციაში რევოლუციური განწყობის ნიშნები არ არსებობს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მაშინ რას ნიშნავს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ქვეყანაში მშვიდობაც არ იქნება და როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ ნიკა მელიას თუ გიგა ბოკერიას ნათქვამი – ლეგიტიმური რევოლუცია, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ მათი სიტყვა რას ნიშნავდა, მათ უნდა ჰკითხონ.
„ლელოს“ წევრის თქმით, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდება, ამომრჩევლისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის უპატივცემულობაა, რადგან იქ მხოლოდ ერთი პარტიაა წარმოდგენილი და საშუალება არ არის, პოლიტიკური პროცესი ცივილიზებულად წარიმართოს.
შეკითხვაზე, თუ ვერ მოხერხდება კომპრომისი და პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს, რამდენად აქვს ოპოზიციას ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის იმედი, ბუაძემ განაცხადა, რომ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ერთი თვის განმავლობაში სამჯერ დადასტურდა.
„პირველი იყო არჩევნებზე მიღებული შედეგი, სადაც ოპოზიციას 52% ჰქონდა; მეორე იყო მასშტაბური აქცია, რომელიც არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ რიგი მედია საშუალებები საპირისპირო სურათის წარმოჩენას ცდილობდნენ, ამ აქციაში 35 000-დან 40 000-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას; მესამე ეს იყო არჩევნების მეორე ტური, სადაც რეალურად დადასტურდა „ქართული ოცნების“ მიმართ არსებული მხარდაჭერა და არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 26%-მა მიიღო. ეს იყო ყველაზე დიდი ვერდიქტი გაყალბებული არჩევნების მიმართ, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მეორე ტურში დაადასტურა“, – განაცხადა ბუაძემ.
„ლელოს“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ, პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება და მას ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ექნება.
ოპოზიცია არ აპირებს, მოლაპარაკებების მაგიდიდან ადგეს მანამ, სანამ იქ ჯდომას აზრი აქვს.
„ამას ჯერ კიდევ აქვს აზრი. შეთანხმებას მანდატებზე უარის თქმის სამართლებრივად გაფორმების შემდეგაც არ აქვს ალტერნატივა, ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმებას და კონსენსუსს შეუძლია, ქვეყანა ამ პოლიტიკური ჭაობიდან გამოიყვანოს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.