საბა ბუაძე - ეს არის ფართო საზოგადოებრივი პროტესტი, წინააღმდეგობა და ვერანაირი პოლიტიკური პარტია, ვერცერთი ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფი ამ პროტესტს საკუთარ ხელში ვერ აიღებს
საბა ბუაძე - ეს არის ფართო საზოგადოებრივი პროტესტი, წინააღმდეგობა და ვერანაირი პოლიტიკური პარტია, ვერცერთი ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფი ამ პროტესტს საკუთარ ხელში ვერ აიღებს

რაც შენი არ არის, ის როგორ უნდა აიღო ხელში? – ასე უპასუხა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, საბა ბუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აქციიდან ჩართვისას გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რა მიზეზით ხდება ის, რომ აქციის სადავეებს არცერთი ოპოზიციური პარტია ხელში არ იღებს.

„საკითხს ასე არ შევხედავდი. ეს არის ფართო საზოგადოებრივი პროტესტი, წინააღმდეგობა და ვერანაირი პოლიტიკური პარტია და ვერცერთი ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფი ამ პროტესტს საკუთარ ხელში ვერ აიღებს. ეს არის ფართო საზოგადოებრივი პროტესტი და წინააღმდეგობა, რომელიც ეკუთვნის აბსოლუტურად ყველას. ის, რომ მე გესაუბრებით, როგორც პოლიტიკოსი, არაფერს ნიშნავს. ამ ვითარებაში მე ვარ ამ დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილე, ისეთივე როგორც ის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უკვე ათ დღეზე მეტია, იკრიბება რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

მისი თქმით, ეს აქცია არის აბსოლუტურად სპონტანური, ბუნებრივი და თვითორგანიზებული პროტესტი.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, „როგორ შეიძლება, განვითარდეს პროცესები?“ – საბა ბუაძემ განაცხადა, რომ ის წინასწარმეტყველი არ არის.

„ეს არის პროცესი, რომელიც ერთადერთი პროცესია, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყანაში ცვლილებების მოტანა. ამის ალტერნატივა არ არსებობს და ვერც იარსებებს. ეს არის პროცესი, რომელმაც ამ ქვეყანაში უნდა მოიტანოს ის, რაზეც პოლიტიკური სპექტრიც და საზოგადოებაც ვთანხმდებით და ეს არის ახალი არჩევნები“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

შეკითხვაზე, „რა შეიცვლება ხელახალი არჩევნებით მაშინ, როდესაც მათივე ეგზიტპოლის შედეგები „ცესკო“-ს ეგზიტპოლის შედეგებს დაემთხვა და რა შეიცვლება მათთვის“, საბა ბუაძემ აღნიშნა: „ჩემი რომელი, უკაცრავად? ჩემი რომელი იყო, ან იმ პოლიტიკური ჯგუფის, რომელსაც მე წარმოვადგენ? ეს არის დეზინფორმაცია. ეს არის ტყუილი, რომელსაც ახლა თქვენ ავრცელებთ“.

მაკა ცინცაძემ გადაცემის სტუმარს განუმარტა, რომ ეს არის მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ეგზიტპოლები, რაზეც ბუაძემ უპასუხა, რომ მედიასაშუალებებით რამდენიმე ეგზიტპოლი გავრცელდა, რომელთა რიცხვშიც იყო „იმედის“ ეგზიტპოლი.

„იყო ძალიან ბევრი ეგზიტპოლი. ძალიან უსუსურია ახლა მცდელობა, თქვენ აქ ვითარება ასე წარმოაჩინოთ. მე მიმაჩნია ეს პარტიულ შედეგებამდე და პარტიულ არითმეტიკამდე დაყვანის მცდელობად და ძალიან უსუსურად ვაფასებ. ეს პროტესტი არ უკავშირდება საარჩევნო შედეგებს“, – განაცხადა ბუაძემ.

საბა ბუაძის განცხადებით, ახალი არჩევნები არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ბერკეტი.