საბა ბუაძე -  ძალადობა არის პრობლემა, მაგრამ როდესაც შენს ოფისში იჭრებიან მოძალადე ჯგუფები, შეიძლება, ეს იყოს ადეკვატური რეაქცია, თუნდაც თავდაცვა
საბა ბუაძე -  ძალადობა არის პრობლემა, მაგრამ როდესაც შენს ოფისში იჭრებიან მოძალადე ჯგუფები, შეიძლება, ეს იყოს ადეკვატური რეაქცია, თუნდაც თავდაცვა

„ქართული ოცნების“ მხრიდან გვესმის ძალადობრივი მოწოდებები და ასეთი ტოქსიკური გარემოს შექმნაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ხელისუფლება და პირადად ღარიბაშვილი მწვანე შუქს უნთებენ ძალადობრივად და ზიზღით გამსჭვალულ ჯგუფებს, რათა იძალადონ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე“.

„ცხადია, რომ ასეთი ტოქსიკური გარემოს შექმნაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელსაც ფორმალურადაც კი არ უცდია იმის თქმა, რომ გამოიძიებს ამ დანაშაულს და რომელსაც მოჰყვება უმძიმესი რეაგირება. რუსთავის ინციდენტი არის ასევე ნაწილი, იმ მთლიანი ძალიან ნეგატიური და ტოქსიკური გარემოსი, რომელსაც ქმნის „ქართული ოცნება“ და ყველა ფორმის ძალადობა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ის არის მიუღებელი და უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

კითხვაზე, მიუღებელია თუ არა დავით კირკიტაძის ქმედება, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ „არ უნახავს და არ იცის, რას აკეთებდა“.

„სიმართლე გითხრათ, არ მინახავს, ამიტომ, რას აკეთებდა, არ ვიცი. თუ ვინმეზე ძალადობდა, ცხადია, ძალადობა არის პრობლემა, მაგრამ როდესაც შენს ოფისში იჭრებიან მოძალადე ჯგუფები, შეიძლება, ეს იყოს ადეკვატური რეაქცია, ან თუნდაც თავდაცვა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

რუსთავში გუშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძეც მონაწილეობდა.